ქუთაისის მერიას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ, რის გამოც სასამართლოში უჩივიან.
„ერთ თვეზე მეტია ქალაქის მერი გვიმალავს ინფორმაციას. ჩვენ გუშინ გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული საჩივრით და უკვე მივმართავთ სასამართლოს. მიგვაჩნია, რომ დასკვნების დამალვით, ქალაქის მერი ადასტურებს მერიაში კორუფციის ფაქტების არსებობს, მალავს ინფორმაციას იმიტომ, რომ არ მოხდეს საფუძვლიანი გამოძიება. ამასობაში ეს ადამიანები, რომლებიც წლებია ქუთაისელების ფულს ფლანგავენ მერის ხელმძღვანელობით, აგრძელებენ ფულის მითვისებას და კორუფცია ყვავის ქუთაისში“, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგა შუშანია.
ბრალდებაზე განმარტებას მერიაში პასუხობენ და ამბობენ, რომ აუდიტიტის დასკვნა საჯარო არ არის.
„გიგა შუშანიას შესაძლებლობა ჰქონდა გაეხსნა მისი სამუშაო ქსელი, სადაც 17 თებერვალს დაუფიქსირდებოდა მერიის პასუხი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ ინფორმაცია არ მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და მას შეუძლია ეს სასამართლო წესით გამოითხოვოს. კანონში პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ მისი გასაჯაროება ეკრძალება შიდა აუდიტის სამსახურს, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. შესაბამისად, მას შემოწმების ანგარიშის გაცემაზე უარი ეთქვა“, – ამბობს მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე.
ავტორი: კესო მოლაშხია











