ქუთაისის #28 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება კომისიის წევრებს შორის გადასატანი ყუთის წაღებას მოჰყვა. ერთმანეთს „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
„ლელოს“ წარმომადგენლის თქმით, გადასატან ყუთს, ორი პიროვნება გაჰყვა, მსგავსი პარტიული შეხედულებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ ოფიციალურად ყუთს სხვასხვა შეხედულების ადამიანები გაჰყვნენ.
„ბეიჯი სხვადასხვა იყო, ერთი ცესკო და მეორე „ევროპული საქართველო“, შინაგანად რას ფიქრობს ადამიანი და რა შეხედულებისაა მე არ ვიცი” – განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის„ წარმომადგენელი გიორგი სალუქვაძე.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ავტორი: კესო მოლაშხია











