ბათუმის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ერთადერთი სამრეწველო ზონა არის მდინარე ჭოროხის გასწვრივ, რომლის განვითარებაც არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების, მოქალაქეების დასაქმებისა და ასევე ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის განტვირთვისთვის.
„აქ იყო მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოსული 2 წლის წინ, დაპირდა მოსახლეობას რომ აქ დააგებდნენ ასფალტს და ბოლომდე არ მიიყვანეს. რაც დააგეს, მისი მიღება-ჩაბარება მოხდა კორუფციული გარიგებებით. მაშინდელმა საგზაო დეპარტამენტებიის ხელმძღვანელმა მოახდინა ეს მიღება-ჩაბარება და ეს არის რიჟვაძე-ჩიქოვანის კორუფციული გარიგება, სადაც 4 მილიონი მოიპარეს“, – განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.
აღნიშნულ საკითხზე „პრაიმტაიმს“ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ ჭოროხის გზასთან დაკავშირებით მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
„აჭარაში ჭოროხის გზის უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს. ბათუმის შემოვლითი გზის ფუნქციის პროექტის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, რომლის ფარგლებში 3,5 კმ სიგრძის ასფალტობეტონის გზა მოეწყო. პროექტის მეორე ეტაპი დამატებით 2,2 კმ გზის მოწყობას ითვალისწინებს. მეორე ეტაპის სამუშაოების გამხორციელებისთვის ჭოროხის გზის მიმდებარედ 13 მესაკუთრისგან უკვე მოხდა მიწის გამოსყიდვა, რისთვისაც სახელმწიფომ მოსახლეობას ჯამში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი გადაუხადა. ამ ეტაპზე დარჩენილ რამდენიმე მესაკუთრისგან მიწის გამოსყიდვის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, მახოს ხიდი გონიოს ხიდს ახალი 5,7 კმ სიგრძის საავტომობილო გზით დაუკავშირდება“, – განაცხადეს დეპარტამენტში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











