მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი აპრილიდან, თეატრები, სპორტული კლუბები და ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნა.
დღეს, 8 აპრილს ასევე გაიხსნა კინოთეატრები. კინოთეატრებში მისულ მაყურებელს ყველა არსებული რეკომენდაციის დაცვა მოუწევს, რაც ჯანდაცვის სექტორის მიერაა შემუშავებული, ასევე გაზრდილი იქნება სეანსებს შორის დროები, რათა სივრცეების ჰიგიენური ნორმებით დამუშავება მოხდეს. ბოლო სეანსი 18:00 საათზე დაიწყება.
ასევე 8 აპრილს ახალი შეზღუდვები დაემატა.
ქორწილისთვის, ქელეხისთვის და სხვა ღონისძიებებისთვის ფართის გადაცემა აიკრძალა.
„საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება.
დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე აცნობოს შესაბამის სამსახურებს.
გარდა ამისა, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა დაუშვებელია.
ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ“











