პანდემიის დაწყებიდან თითქმის 19 თვის თავზე მსოფლიოში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.
იმუნიზაციის პროცესმა ახალი კითხვები გააჩინა. უმეტესობა მათგანი ვაქცინის შემდგომ გამოვლენილ გვერდით ეფექტებს შეეხება.
|რა უნდა ვიცოდეთ
ვაქცინის გაკეთების შემდეგ, შესაძლოა, გვერდითი მოვლენები განვითარდეს, რაც სავსებით ნორმალურია და მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი დამცველობით უნარს აძლიერებს. გვერდითმა მოვლენებმა, შესაძლოა, ყოველდღიურ საქმიანობაზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ ეს მოვლენები რამდენიმე დღეში გაივლის.
|ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია:
- მკლავზე, ინექციის ადგილას ტკივილი, სიწითილე ან შეშუპება;
- დაღლილობა;
- თავის ტკივილი;
- კუნთების ტკივილი;
- შემცივნება;
- ცხელება;
- გულისრევა;
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ადამიანს გვერდითი მოვლენები საერთოდ არ უვითარდება.
|რა ხდება
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმზე აცრის ზემოქმედების მექანიზმი ყოველთვის ერთნაირია, გვერდითი მოვლენების სიმძაფრე მნიშვნელოვნად განსხვავდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გვერდითი მოვლენების ფართო სპექტრის საფუძველი იმუნური სისტემის უდიდესი გენეტიკური მრავალფეროვნებაა.მიუხედავად ამისა, დაზუსტებით არ შეიძლება იმის თქმა თუ ვის განუვითარდება ძლიერი გვერდითი ეფექტები ვაქცინაციის შემდეგ და ვის არა.
თუმცა, კოვიდ ვაქცინაციის აქტიურად დაწყების შემდგომ მკვლევრებმა გარკველი თავისებურებები შენიშნეს.
კერძოდ, მეცნიერების თქმით, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ვაქცინაციის შემდეგ სუსტი გვერდითი ეფექტები აღენიშნებოდათ.
აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ანახა, რომ ქალებს (ვაქცინირებულთა 79%-ი) მამაკაცებთან შედარებით გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად უვლინდებოდათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფერს ტესტოსტერონის სხვადასხვა დონე განაპირობებს. როგორც ცნობილია, ზოგადად ტესტოსტერონი ანთებას აფერხებს და ხელს უშლის გვერდით ეფექტებს. მამაკაცებში კი ტესტოსტერონის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.
ასევე, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, სხვებთან შედარებით, სუსტი გვერდითი ეფექტები უვლინდებოდათ.
|ნიშნავს თუ არა აცრით გამოწვეული ძლიერი გვერდითი მოვლენა, რომ დაცვაც უფრო ძლიერია?
მეცნიერების თქმით, ვაქცინაციის შემდეგ გამოწვეული გვერდითი ეფექტების სიძლიერე ვაქცინების ეფექტურობის საზომი არაა. მკვლევრები ამბობენ, რომ მიუხედავად იმუნიზაციის შემდგომი სხვადასხვა სიძიერის გვერდითი ეფექტებისა, ადამიანებს მაინც უვითარდებათ დაცვა ვირუსების წინააღმდეგ.
მომზადებულია The conversation-ის, GAVI-ის, VOA-ისა და NCDC-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge











