პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ქუთაისში ნამახვანიჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმიანება.
ზურა ჯაფარიძე თვლის, რომ ქვეყანას დიდი ჰესები ჭირდება და არ აქვს მნიშვნელობა ინვესტორის ეთნიკურ წარმომავლობას.
“როგორც კი ბევრი ხალხი დაინახეს, ეგრევე დაიწყო პროტესტზე კაპიტალიზაციის და სათავეში მოქცევის მცდელობები.
პრობლემა, როგორც ასეთი ტიპის კონფლიქტების აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევებში, საკუთრების უფლების ფორმალურ გაუმიჯნაობაში, აქტივების ფორმალურად სახელმწიფოს ხელში არსებობასა და რეალურ მესაკუთრეთა უფლებების შელახვაშია
სისტემა გვაქვს იდიოტურად მოწყობილი, მოყოლებული საბჭოთა კავშირიდან, რაც ასეთი ტიპის კონფლიქტებს გარდაუვალს ხდის
ინვესტორი მიდის მთავრობასთან, თეთრი და შავი ფულით ყიდულობს მშენებლობის ნებართვას და მთავრობა მას არწმუნებს რომ მან გადაიხადა ნებართვის შესაბამისი ფასი.
ვიდეო ↓ რას ამბობს/ამბობდა მიხეილ სააკაშვილი ნამახვანის ჰესზე
სინამდვილეში რა ჯდება რეალურად ნებართვა დამოკიდებულია იმაზე რა ფასს ითხოვს ის ხალხი ვისაც იმ ტერიტორიაზე გააჩნია აქტივები, რომლებიც მათ ტრადიციულ და/ან ფორმალურ მფლობელობაშია და რომლებიც უნდა დათმონ ან რომელთა ფასიც შემცირდება ჰესის მშენებლობის შედეგად სხვაობა ამ ორ ფასს შორის წარმოშობს კონფლიქტსშესაბამისად, კითხვა – უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანი (ან რომელიმე სხვა ჰესი) უშინაარსოა თუ არსებობს ვიღაც, ვისაც აქვს აშენების სურვილი – ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ამ ვიღაცასა და ადგილობრივ მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკებით, რომელთა აქტივებსაც ეხებათ მშენებლობა
დანარჩენი ყველაფერი სისულელეა:
1. დიდი ჰესები არ გვინდა არის სისულელე. რანაირად არ გვინდა ან რატომ არ გვინდა? დიდი ჰესები არის უამრავ ქვეყანაში, რომელსაც აქვს წყლის რესურსი. დიდი ანუ კაშხლიანი ჰესი ნიშნავს რომ შესაძლებელია დაგუბება და დენის მაშინ გამომუშავება როცა ის ყველაზე მეტად გჭირდება (მაგალითად ზამთარში, ჩვენს შემთხვევაში, როცა პიკური მოთხოვნა ყველაზე მაღალი გვაქვს)
2. დიდი ჰესები საშიშია არის სისულელე. ნამახვანის საინვესტიციო ღირებულება არის მილიარდ დოლარამდე. ვინმეს გულწრფელად სჯერა რომ მილიარდ დოლარს ჩადებს რომელიმე ჭკუათმყოფელი პროექტში, რომელიც დაინგრევა? ან იმის სჯერა ვინმეს რომ მილიარდი დოლარის ჩამდებზე მეტად აინტერესებს კაშხლის უსაფრთხოება რომელიმე ქართული სამინისტროს რომელიმე ბიუროკრატს ან რომელიმე მწვანე არასამთავრობოს რომელიმე თანამშრომელს?
3. გარემოს შეცვლის / დააზიანებს არის სისულელე. რა თქმა უნდა შეცვლის. ადამიანები სულ ვცვლით გარემოს. მაგით განვსხვავდებით სხვა ცხოველებისგან რომ შეგვიძლია გარემოს საკუთარ სურვილებზე მორგება და ცხოვრების გაადვილება. სხვა შემთხვევაში ვისხდებოდით ახლაც მღვიმეში, სუფთა ჰაერით და წათლილი ქვით ხელში. გარემოს შეცვლა არ არის პრობლემა. პრობლემა იმაშია რომ ეს ‘გარემო’ ვიღაცის საკუთრებაა ან ამ ‘გარემოთი’ ვიღაცა სარგებლობს. და როდესაც სხვა ამ გარემოს ცვლის, იმათ ზიანი ადგებათ და შესაბამის კომპენსაციას ვერ იღებენ.
4. ადრე გვჭირდებოდა დიდი ჰესები და ახლა აღარ გვჭირდება, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, ასევე არის სისულელე. ზემოთ უკვე დავწერე რატომ არის საკითხის ასე დაყენება (გვინდა თუ არა დიდი ჰესები) არასწორი, თუმცა ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ამ ქვეყენაში პოლიტიკოსებს სჯერათ რომ როდესაც ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, მათ უნდა წყვიტონ ადამიანების საკუთრების ბედი, მათ შორის სადმე, ვიღაცეების საკუთრებაზე უნდა აშენდეს თუ არა ჰესი ან ავტომაგისტრალი. და ამ ხედვებს იცვლიან იქიდან გამომდინარე რომელი პოზიციაა მოგებიანი პოლიტიკურად დროის კონკრეტულ მომენტში. დენი გვჭირდება, არანაკლებ ვიდრე ოდესმე გვჭირდებოდა. განვითარება მათ შორის თუ რამეს ნიშნავს, ნიშნავს იმას რომ ერთ სულ მოსახლეზე სულ უფრო მეტი ენერგია დაგვჭირდება. ანუ, ან გვექნება ენერგია და ვიქნებით მდიდრები ან არ გვექნება ენერგია და დავრჩებით წუმპეში. ასე მარტივად დგას საკითხი.
5. ბიტკოინებისთვის უნდა ბიძინას ეს ჰესი და ამიტომ არ გვინდა, რაც ასევე პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, ასევე არის სისულელე. არვის საქმე არაა დენს ვინ რაში მოიხმარს. მანდ პრობლემა იმაშია რომ ის მაინინგის ფერმა, რომელშიც ბიძინას ფონდის ფული იდო, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა (არ ვიცი ისევ მისია თუ არა და არ ვიცი ისევ აქვს თუ არა შეღავათი), ანუ ჩვენ, მოსახლეობა ვასუბსიდირებდით ირიბად. უსამართლო საგადასახადო შეღავათია პრობლემა და არა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის დენის გენერირება ან გამოყენება, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას.
6. და ბოლოს, რაც ყველაზე ხშირად მომხვდა ყურში – თურქების აშენებული არ გვინდა, თურქებს რატომ უნდა მივცეთ მიწა 40 წლიანი იჯარით? – არის არა უბრალოდ სისულელე, არამედ ძალიან საშიში სისულელე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ინვესტორის ეთნიკურ წარმომავლობას. მადლობა ვუთხრათ ნებისმიერს (!) ვინც აქ გადაწყვეტს თუნდაც 100 დოლარის ჩადებას, აქ, ამ საგიჟეთში. ვიღაცა შემოდის, მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებს აქ და პასპორტს ვუმოწმებთ?. 40 წლიანი იჯარა გვგონია ბევრი?. ესეთი ტიპის ქსენოფობია, რომელიც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერიის მიერ კულტივირებულ ირაციონალურ შიშებს ეფუძნება, არის ნომერ პირველი მიზეზი იმისა რომ დღემდე ვზივართ წუმპეში. და ასეც დავრჩებით სანამ აზრზე არ მოვალთ., მშიერი, მაგრამ ამაყი, სანამ რუსეთი არ მოვა და მორიგ ჯერზე არ დაგვაჩმორებს.
პ.ს. ლაშა ჩხარტიშვილია იქ ლეიბორისტებიდან ერთადერთი გულწრფელი, ამ თემაზე რამდენჯერმე გვისაუბრია და მართლა სჯერა იმის რასაც ამბობს – რეგიონული პლებისციტით წყდებოდეს ეგეთი საკითხებიო”, – წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ქუთაისში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მიმდინარეობას გამოეხმაურა და პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადა.
“ჩემი სრული სოლიდარობა ნამახვანის მშენებლობის წინააღმდეგ ყველა ადამიანს, აქციის ყველა ორგანიზატორს. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირადაა აშენებული, რეალურად, დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება ბევრად პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა. რატომ? მაგალითად, თავის დროზე მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე იყო ჰიდროელექტროსადგური. როდესაც ჩავედი, ვნახე ამხელა ტურისტული პოტენციალი, დავაცლევინე ჰიდროელექტროსადგური, გავაუქმებინე, მოვაშორებინე და კოვიდამდე იქ ჩადიოდა 350 000 ტურისტი წელიწადში. ბევრად მეტი შემოსავალი აქვს ხალხს, ბევრად მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ჰესი დაასაქმებდა. აქ, უკრაინაში ზუსტად ნამახვანისხელა ჰესს აშენებდნენ დნესტრის ხეობაში, ეს არის ძალიან ლამაზი კანიონი, უზარმაზარი ტურისტული პოტენციალით.
ოდესის გუბერნატორი როცა ვიყავი, ჩემი პარტიიდან გავაკეთე ადგილობრივი აქტივისტების ორგანიზება, ჩავედით და გავაჩერებინეთ ამ უზარმაზარი ჰესის მშენებლობა. დღეს ყველა იქ მცხოვრები მადლობელია, რადგან ვითარდება ტურიზმი, აშენდა სასტუმროები, ხალხს გაუჩნდა შემოსავალი და აღარ არიან წასასვლელი მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ.ზუსტად ასეთივე ულამაზესია ჩვენი ბუნება, არ შეიძლება მისი ხელის ხლება. ეს არის იმხელა საგანძური, რომ უბრალოდ უნდა გესმოდეთ, არსებობს ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება, ქარის ტურბინები, მზის ენერგია, უამრავი სხვა რაღაცა. ხელები შორს ქართული ბუნებისგან, საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რათა ხალხისგან არ დაცალოს. რაც შეეხება ნამახვანს, ვიცით, რომელი კაცის ინტერესია ჩადებული, საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში, ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი აღუდგება…” – წერს სააკაშვილი.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის მომხრე იყო.
“მომავალი წელი იქნება საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი: ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი”, – აცხადებდა სააკაშვილი.











