მიიღებს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელება უმართავ სახეს, ამ საკითხზე ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საუბრობს. როგორც ხმალაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა, ქვეყანაში ვირუსის სხვადასხვა კერის გაჩენის ალბათობა არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე პროცესები კონტროლირებადია.
ირაკლი ხმალაძე: ეს უნდა მომხდარიყო ადრე თუ გვიან, რადგან იმ უბნებში, სადაც ტურისტების რაოდენობა მეტ-ნაკლებად დიდია, გაიპარებოდა უსიმპტომო ფორმა, რომელიც ვირუსის მასიურ გავრცელებას ახდენს. ღმერთის წყალობით, სანერვიულო არაფერი არ არის, თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ. რადგან მესტია ჩაიკეტა, ვირუსის გავრცელების საფრთხე აღარ არის. რეალურად, რეგიონების ჩაკეტვა არის ერთადერთი გზა… ეს ვირუსის მასიური გავრცელებისგან დაგვიცავს.
რას ჰყვება ქალი, რომელსაც მესტიაში ვირუსის გავრცელების პირველწყაროდ მიიჩნევენ
-მესტიის გარდა, ვირუსის ახალი კერა ყაზბეგშიც გაჩნდა. არსებობს თუ არა უკვე რეალური საფრთხე, რომ ქვეყანაში ვირუსი მასიურად გავრცელდეს?
– ამ ქვეყანაზე ყველაფრის შანსი არსებობს. შიდა კლასტერებიდან ვირუსის დიდი გავრცელება არ ყოფილა, მთავარია, რომ ვირუსის შემოტანა გარედან არ მოხდეს. თუ ვირუსი გარედან შემოიტანეს, შესაძლებელია, რომ ის მასიურად გავრცელდეს. შესაბამისად, ვირუსის შემოტანა გარედან არ უნდა მოხდეს.
ყაზბეგშიც ტურისტული კერაა. ისეთ ადგილებში ხდება ვირუსის გაჩენა, სადაც ცივი არეალია. ცივი არეალი უფრო ეხმარება ვირუსის გავრცელებას. მოგეხსენებათ, ვირუსი ზამთარში უფრო ვრცელდება ვიდრე ზაფხულში. ინფექცია თუ დაასუსტებს ორგანიზმს, ის უფრო მეტად შეიძლება დასნებოვნდეს კორონავირუსით.
-არსებული ინფორმაციით, მესტიაში კორონავირუსით დაინფიცირებული პირი თბილისიდან ჩავიდა. არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ თბილისშიც არა ნაკლები იყოს კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია?
-ძალიან მეეჭვება, რომ ვირუსი თბილისიდან ჩაიტანეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის გარედან შემოტანილი შემთხვევა. მგონია, რომ ის ადამიანი, რომელმაც ვირუსი მესტიაში ჩაიტანა, ტურისტებისგან დაინფიცირდა. ინფიცირების პირველადი კერის პოვნა ძალიან ძნელია. ვფიქრობ, რომ დედაქალაქში კორონავირუსი მასიურად არ არის გავრცელებული. არ მგონია, რომ თბილისში ვირუსი მასიურად გავრცელდება.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩაკეტილია მესტია, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











