ჩემს წილ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა ვხედავ, რომ არ მეგრძნო, ყველაზე მაღალი თანამდებობიდან არ წამოვიდოდი, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „შაბათის კურიერში“ განაცხადა.
როგორც ბურჯანაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას ან თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის ცოდვებზე პასუხი არ მოეთხოვებათ“.
„ნიკა მელიას მოვთხოვო “ნაციონალურ მოძრაობის” ცოდვებზე პასუხი? რომელიც სანდრო გირგვლიანის უბედურების დროს პარლამენტთან იდგა და აპროტესტებდა ამას? არ მჯერა რომ ასეთი ადამიანები – ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, თუნდაც მეორე პარტიაში – ელენე ხოშტარია, რომელთაც არ ქონდათ „ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებთან შეხება, ეს ადამიანები თუ გაძლიერდებიან, მე არ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” იგივეს გამეორებას შეძლებს, რასაც აკეთებდა, მაგრამ თუ გაძლიერდება ის ხალხი – მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილზე აღარაფერს ვლაპარაკობ, ეს რა თქმა უნდა კატასტროფა იქნება“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.
ნინო ბურჯანაძის თქმით, მას არ სჯერა სააკაშვილის და შესაბამისად არც არსებობს ისეთი საკითხი, რომელზე მოსალაპარაკებლადაც ის მოლაპარაკების მაგიდას სააკაშვილთან ერთად მიუჯდება.
ბურჯანაძემ წინა ხელისუფლების ქმედებებზე საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა:
„ჩემს წილ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა ვხედავ, რომ არ მეგრძნო, ყველაზე მაღალი თანამდებობიდან არ წამოვიდოდი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყოველთვის აფიქსირებდა იმას, რაც არ მოსწონდა და როდესაც მიხვდა, რომ ზემოქმედების ბერკეტი აღარ ჰქონდა, ოპოზიციაში წავიდა.











