„გივი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი, გოკა გაბაშვილი, არიან ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში აქტიურად აპირებენ დარჩენას, მაგრამ არ აპირებენ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად. რაც შეეხება ირმა ნადირაშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს, ინაცვლებენ პროფესიულ ასპარეზზე, თუმცა, ისინი რჩებიან პარტიულ აქტივისტებად და ხმის მიმცემებად”,- ამის შესახებ პარტიის ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
“როგორც ჩანს, ვიღაცები გარკვეულ წარუმატებლობას მძიმედ ხვდებიან. ვინც ჩათვალა, რომ ამოწურა თავისი ბრძოლის რესურსი, თუნდაც ამ პარტრიასთან ერთად, ყველას წარმატებას ვუსურვებ, რადგან გვაქვს საერთო საქმე – ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლა. როგორ მოხდება მათი გადანაწილება და ვინ ვისთან დაჯგუფდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ეჭვი არ მეპარება გიგი უგულავას პოლიტიკურ შეხედულებებში და ვფიქრობ, არც მას ეპარება ამაში ეჭვი.
მომავლის ლიდერებს გზა უნდა დავუთმოთ თუ მომავლის ლიდერებმა უნდა მოიპოვონ თავისი ადგილი, ამაში მისგან განსხვავებული ხედვა ნამდვილად მაქვს. არცერთ ჩვენთაგანს არც გიგის, არც დათოს, არც გივის არ მიუღია თავისი პოლიტიკური წონა და ადგილი იმიტომ, რომ მათ ოდესმე ვინმემ რამე დაუთმო. მათ თავისი მდგომარეობა პოლიტიკაში თვითონ მოიპოვეს. თუკი ვინმეს ვინმე პოლიტიკურად ქმნიდა, დღეს აღარ არსებობენ. ვითომ შექმნილი არც პოლიტიკური ლიდერებიდან გამოვა რამე და არც პოლიტიკური პარტიებიდან. შედეგებზე გავლენა ექნება მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომელიც კონკურენციაში მოიპოვებენ თავის ადგილს“, – განაცხადა ბობოხიძემ.











