როცა პუტინის მთავარი მეკავშირე კავკასიაში ასეთ განცხადებას აკეთებს, ღირსების მქონე სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძე, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და მას თავხედური უწოდა.
„კადიროვის განცხადება არის თავხედური განცხადება. ეს არის ტერორისტის განცხადება, რომელიც ტერორისტის ენით ბაქიბუქობს და ამბობს, რომ მას რომ დაეგეგმა ეს, კიდეც შეასრულებდა და კიდეც შეუსრულებია.
როცა ასეთ განცხადებას აკეთებს პუტინის მთავარი მეკავშირე კავკასიაში და მისი ქვეშევრდომი, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და ღირსების მქონე სახელმწიფო, ვგულისხმობ საქართველოს ხელოსუფლებას, გასცემდა საკადრის პასუხს რუსეთის ფედერაციას და პირადად პუტინს, დაიცავდა საკუთარ მოქალაქეს და საკუთარი ქვეყნის ღირსებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.
მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.
გუშინ, 16 ივნისს, კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დავალებებს „ყოველთვის ასრულებენ“. მისივე თქმით, გაბუნიამ მას და მთელს რუსეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც „მუხლებზე უნდა დადგეს და ბოდიში მოიხადოს“.










