„რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რუსეთთან მიმართებაში სხვადასხვა დროს ოპოზიციის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები უსაფუძვლოა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსულ ოკუპაციაზე მსგავსი ტონით საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ოკუპანტებთან არიან თავად ოკუპაციის და ჩვენი ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების შემოქმედები.
ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის, ერთი მხრივ, რუსული სამხედრო აგრესიის და, მეორე მხრივ, წინა ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების და მავნებლობის შედეგი. რუსი ოკუპანტები და დესტრუქციული ნაციონალური მოძრაობა, ეს არის ერთი მედლის ორი მხარე და როდესაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ საქართველო ქრება რადარებიდან, საქართველო კი არ ქრება რადარებიდან, ეს მათი პოლიტიკური გადაშენების შეუქცევად გზაზე მდგარი დანაშაულებრივი რეჟიმის გადმონაშთებით და ავანტიურისტებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ძალა დგება გადაშენების გზაზე და ის შავი ლაქა, რომელის სახითაც ისინი ჯერ კიდევ არიან პოლიტიკურ რადარებზე შემორჩენილი, იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო დაპატარავდება და საერთოდ გაქრება. ეს არჩევნები ამას კარგად დაგვანახებს,“- განაცხადა ბერაიამ.











