რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კვლავ ავრცელებს ინფორმაციას თითქოს თბილისში ლუგარის ლაბორატორიაში „ბიოლოგიურ და ტოქსიკურ“ იარაღს აწარმოებენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის საგარეო უწყება ლუგარის ლაბორატორიას ბიოლოგიური იარაღის დამზადებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აქვთ სერიოზული კითხვები „აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედდრო-ბიოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რუსეთის საზღვრებთან ახლოს“.
„არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება საქართველოში არსებული ე.წ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის საქმიანობაზე, სადაც მიმდინარეობს „აშშ-საქართველოს არმიის სამედიცინო კვლევები“.
არ არის საჭირო, რომ იყო ამ სფეროს სპეციალისტი, იმისათვის, რომ გაიგო რომ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში არ მოითხოვს ამერკელი სამხედროების მონაწილეობას. ლუგარის ცენტრის ტერიტორიაზე მათი დარჩენის ნამდვილი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის გამჟღავნებული. ამერიკული მხარის განმარტება, რომ სამხედროები ბიო მასალებს აგროვებენ და ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკონტროლებენ, ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს შიშებს BTWC– ს შესაბამისობის კონტექსტში“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ლავროვის უწყება, უკვე დიდი ხანია აწარმოებს საინფორმაციო ომს ლუგარის ლაბორატორიაზე. ისინი ლუგარის ცენტრის ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვენ.
ლუგარის ლაბორატორია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, ყველასთვის ხილულ ადგილას, 2011 წელს გაიხსნა, 2013 წლიდან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან მას მთლიანად ქართული მხარე აფინანსებს.
ლუგარის ცენტრი კავკასიის რეგიონში ერთადერთი ცენტრია, რომელიც ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) სტანდარტებით არის აღჭურვილი და სადაც ინახება განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა (მაგალითად, შავი ჭირისა და ჯილეხის) გამომწვევი მიკროორგანიზმები. ობიექტის აშენების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული სახიფათო ბიოლოგიური მასალების გაუვნებელყოფა და საიმედოდ დაცვაა.
რეპორტაჟი ლუგარის ლაბორატორიიდან – აქ კეთდება კვლევები კორონავირუსზე











