რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საყოველთაო სახალხო კენჭისყრა შემდგარად გამოაცხადა. ინფორმაციას Tass.ru ავრცელებს.
კომისიის თავმჯდომარის, ელა პანფილოვას თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ფლობს ინფორმაციას ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, არსებულ შედეგებზე აისახოს.
ხმის მიცემის საბოლოო შედეგი 3 ივლისს გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ პირველადი მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომრჩევლების 77,93% პროცენტი უჭერს მხარს, 21,26 % კი – წინააღმდეგია.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტი მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა.
ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის ვადების განულების შესაძლებლობას მისცემს. ამგვარად, ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას 2036 წლამდე შეძლებს.











