უკრაინასთან და დასავლეთთან არსებული დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რუსეთმა შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გაგზავნა.
შავ ზღვაში ასევე შევიდა რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის „როპუჩას“ კლასის ორი სამხედრო ხომალდიც, რომლებსაც სანაპიროზე თავდასხმების დროს ტანკების ტარება, ჯავშანტექნიკისა და ჯარის გადაყვანა შეუძლიათ.
ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
მანამდე, უკრაინამ რუსეთი სასაზღვრო ზონაში სამხედრო ძალების გაზრდაში დაადანაშაულა. რუსეთი კი აცხადებს, რომ ეს ქმედებები დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ნაწილია.
დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის შესაძლო შეჭრა სრულებით რეალურია.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედროების გააქტიურებით დასავლეთის შეშინებას ცდილობს.
რუსეთი უკრაინის ბრალდებებს უარყოფს.










