შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას ოპოზიცია მხარს არ უჭერს. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად წარდგენა, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არავის სურს.
„ოპოზიციაში არ არის მხარდაჭერა, რომ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდეს. გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, არავინ ხედავს სააკაშვილის ადგილს საქართველოში. არჩევნებში მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაქაჩავს. ამ პარტიამ უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა, 15% აიღოს. ამ ფონზე, როგორ შეიძლება 15%-იანმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე გაიყვანოს.
სააკაშვილი ამოვარდნილია რეალობიდან, ის დისკრედიტირებული ფიგურაა. მის მიმართ სამართლებრივი საქმეებია აღძრული. ის ხედავს საკუთარ თავს საქართველოში, თუმცა საქართველო ვერ ხედავს საკუთარ თავში. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის პრემიერად გასვლას „ქართული ოცნება“ სერიოზულად დაბლოკავს. ოპოზიციაში არანაირი განცდა არ არის, რომ ის პრემიერ-მინისტრი იყოს “,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ნახეთ – შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











