„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გამორიცხავენ, რომ საქართველს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს პრემიერობის კანდიდატად შესთავაზონ.
შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღება?
როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ განმარტა, სააკაშვილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეა და თან, მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
„სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ აქ ყველაფერი დამთავრებულია. ორმაგი მოქალაქეობა რომ ჰქონდეს, კი ბატონო. სააკაშვილი საქართველოშიც რომ იყოს, ის ბუნებრივია, გისოსებს მიღმა იქნებოდა, მას სასამართლო განხილვები ექნებოდა და არა საარჩევნო კამპანია.
მას პარტიის წევრობაც არ შეუძლია, კამპანიას რომ თავი დავანებოთ. პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი ამბობს, რომ საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა ალაფიშვილმა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს. მისივე თქმით, სააკაშვილი თავად იტყვის, იქნება თუ არა “ნაცმოძრაობის” პრემიერობის კანდიდატი.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არგუმენტად მოაქვთ, ეს არის ძალიან ცინიკური. ვიცით, რა პროცესები უძღოდა სააკაშვილის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას. მას არა ერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი არის საქართველო. ის ყოველთვის იქნება არჩევნებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
რა ფორმით მოახდენს იგი ზემოქმედებას არჩევნებში, ამას თვითონ გადაწყვეტს. ვინაიდან იგი სახელმწიფო სამსახურშია, რამდენად არის სამართლებრივად დასაშვები, რომ ოფიციალურად პრემიერობის კანდიდატად გამოცხადდეს, ამას თვითონ გვეტყვის.
როდესაც არის პარტიის დამფუძნებელი და ფაქტობრივად, ერთ-ერთი ლიდერი, ბუნებრივია, რომ არაფრის გამორიცხვა შეიძლება. გადაწვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, სამართლებრივი კუთხით მიიღებს მიხეილ სააკაშვილი და ამის შესახებ ჩვენ გავიგებთ“, – განაცხადა გოცირიძემ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე თვის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. თუმცა როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











