ჩვენ არ ვაპირებთ ამ ადამიანებთან პოლიტიკური ტოტალიზატორის თამაშს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, გამართლდეს ოპოზიციის ნაწილის ვარაუდი და ძალაში დარჩეს საარჩევნო ბარიერის დღეს მოქმედი ნორმა.
„ერთადერთი მიზანი, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ, იყო არა ის, რომ მრავალპარტიული დემოკრატია ჰქონოდათ, არამედ ის, რომ სხვადასხვა შეფუთვით და ნომრებით გაერთიანდნენ ერთი რამის გარშემო – როგორმე, იქნებ, „ქართულ ოცნებას“ პროცენტი ჩამოვაკლოთო. კამპანიას ვერ ატარებენ დღეს. თქვენ იცით, რა არის ბატონი ხაზარაძის პროგრამის პირველი სამი პუნქტი? რას ეუბნებიან საზოგადოებას, რის მოგვარებას აპირებენ? მთელი დღე რომ ინფლაციაზე ლაპარაკობენ, პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმებს აკრიტიკებენ და სტატისტებს ეძახიან იმ ხალხს, ვინც დღედაღამ შრომობს, რას ჰპირდება ბატონი ხაზარაძე საზოგადოებას და როგორ აპირებს რამის გაკეთებას? იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი სამი პუნქტი მითხარით. პირველი პუნქტი არის სიძულვილი; მეორე პუნქტი არის – როგორმე, ჩამოვაკლოთ „ქართულ ოცნებას“ პროცენტები და მესამე პუნქტი არის სააკაშვილის დაბრუნება. აი, ეს არის მათი პროგრამა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც „ლელოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებით „ქართული ოცნება“ სარგებლობს.
„ბატონი ხაზარაძე დღეს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ რომ ლაპარაკობს, საფრთხობელა არისო, კარგად მახსოვს, მოლაპარაკებებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყველაზე მეტ უნისონში სწორედ „ლელო“ რომ იყო“, – განაცხადა თალაკვაძემ.