“როდესაც საარჩევნო რეფორმაზე ვსაუბრობთ, ცალსახად შეიძლება ითქვას და ამაზე ალბათ ყველა თანხმდება, რომ საარჩევნო რეფორმა არის ფუნდამენტური”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დღეს თუ, მაგალითად სამი წევრით არიან წარმოდგენილნი ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კომისიებში, მათი წარმომადგენლობა იზრდება 8-მდე, ანუ თანაბარი იქნება ოპოზიციონერი წევრებისა და პროფესიული ნიშნით განწესებული წევრების რაოდენობა. ერთი მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, საბოტაჟს გამორიცხავს. ასევე, პირველად საქართველოს ისტორიაში არის შემოღებული 10-პროცენტიანი გადათვლის მექანიზმი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც 100 პროცენტით გამორიცხავს ყოველგვარი მანიპულაციის რისკს. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა.
ასევე, მუნიციპალურ არჩევნებში იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა ყველა საკრებულოში და ასევე ჩვენ ვთქვით, რომ მაქსიმუმ 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს ყველაფერი არის ფუნდამენტური ცვლილებები, რაც ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმას ნიშნავს და არ მგონია, ამაზე ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.










