“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მარტვილის ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მუხლით უნდა დაიწყოს.
მისი თქმით, ინციდენტის დროს “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა ცადეს.
“გამოძების დაწყება არის აუცილებელი ორ ეპიზოდთან მიმართებით და ეს საკითხები არის შესასწავლი. ერთი შეეხება აივნიდან მოაჯირის გატეხვის და ჟურნალისტების დაშავების საკითხს, რა პირობებში მოხდა და როგორ მოხდა. აქ ხო არ იყო გარკვეული განზრახ ქმედებები, ან გაუფრთხილებელი ქმედებები.
აუცილებელია, გამოძიება წარიმართოს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლითაც.
მეორე ეპიზოდი არის საგულისხმო ასევე, როდესაც “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის სცადეს მიკროფონის წართმევა და მისთვის ხელის შეშლა”, – თქვა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, 8 მარტს დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. შედეგად, ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადაცვივდნენ.
დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და „რუსთავი 2“-ის ის ოპერატორი დათო კონჯარია.
ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
ეპარქიასთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მეუფე სტეფანეს გაშვება და მეუფე პეტრე ცაავას დაბრუნება მოითხოვეს.
ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა, სადაც ახსნილია დეტალურად, თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება.











