მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში საქართველო უნდა ეცადოს სახელმწიფო ვალის თანდათან შემცირებას, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საგარეო ვალი 60%-ია, რაც საგანგაშო არაა, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ.
„რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. იცით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა. ხშირად არის საუბარი და იყო ოპონენტების მხრიდანაც, რომ 5-პროცენტიანი ზრდა საქართველოსთვის არ არის საკმარისი. ჩვენს შემთხვევაში უნდა შევხედოთ ასე – 5-პროცენტიანი ზრდა დაბალი დეფიციტის პირობებში, ვალის არ გაზრდის პირობებში, მიმდინარე ანგარიშის და სავაჭრო ბალანსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების პირობებში არის ხარისხიანი და სწორი ზრდა. გაცილებით უკეთესია ასეთი 5-პროცენტიანი ზრდა, ვიდრე იყოს 7-პროცენტიანი ზრდა, მაგრამ გვქონდეს მაგალითად 5-პროცენტიანი დეფიციტი. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან ჯანსაღი რამდენიმე წელი.
ამ დრომდე სახელმწიფო ვალის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 40 პროცენტის ფარგლებში იყო. ახლა მოგვიწია ნახტომისებური გასვლა 60 პროცენტზე. არის თუ არა საგანგაშო 60 პროცენტი? 60 პროცენტი თავისთავად არ არის საგანგაშო ალბათ, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალ წლებში უნდა ვიყოთ ამ საკითხის მიმართ ძალიან ფრთხილები, რათა ვალი არ გაგვექცეს ზემოთ და იდეალურ შემთხვევაში, მოვახდინოთ ამ ვალის თანდათანობით შემცირება, რათა გვქონდეს ის ფინანსური მდგომარეობა, რომ მომავალ წლებში რაიმე ტიპის კრიზისი რომ მოხდეს, ისევე მზად ვიყოთ თანხების იოლად მოსაზიდად, როგორც ეს გავაკეთეთ 2020 წელს. აი, ამისთვის არის ეს საჭირო, თორემ საკუთრივ 60-პროცენტიანი ვალის ნიშნული არ არის საგანგაშო”, – განაცხადა მაჭავარიანმა.











