თამაზ მეჭიაური მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სოციალურ ქსელში წერს.
„კენჭისყრას ვაპირებ! ოფისების და ბანერების გარეშე…“ – წერს თამაზ მეჭიაური.
„პრაიმტაიმი“ ექსდეპუტატს დაუკავშირდა და მას პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ის მესამე ძალას წარმოადგენს ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც არც ძველი და არც მოქმედი ხელისუფლება აღარ უნდათ.
მეჭიაური აცხადებს, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საკვანძო თანამდებობებზე ისევ ის ადამიანები არიან, ვინც 2012 წლამდე, წამყვან თანამდებობებზე მუშაობდნენ, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში.
ამბობს, რომ მათ მიშას ყოფილი სტიქაროსნები შეარქვა. თუმცა, იქვე ვარაუდობს, რომ დანარჩენ რეგიონებშიც მსგავსი სიტუაციაა.
თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ მას პარლამენტში დიდი წარმომადგენლობითი ძალით შევლის რესურსი არ აქვს და გამოსავალს კოალიციური მთავრობის ფორმირებაში ხედავს, სადაც დაბალი ბარიერის პირობებში, ბევრ პატარა პარტიას შეეძლება პოლიტიკურ პროცესებზე დიდი გავლეიას მოხდენა.
ის ამბობს, რომ დეპუტატობის შემთხვევაში, ქართული ოცნება მისი დახმარების გარეშეც ფრაქციას შექმნის, ისევე – როგორც ნაციონალური მოძრაობა.
ოპოზიციასთან თანამშრომლობას ის პარლამენტარის მანდატის მოპოვების შემდეგ, გადაწყვეტს.
„ჩემი არჩევნებში მონაწილეობა ახლი არ არის, მაგრამ ამისთვის არც ოფისები მაქვს და არც ბანერებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი.
მცხეთა-მთიანეთის ოლქში, დიდი ალბათობით დავაყენებ ჩემს კანდიდატურას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ასევე, ჩემი პარტიიდან სიითაც ვიბრძოლებ დეპუტატობისთვის.
ამ ოლქში თითოეულ ჩემს კონკურენტს პატივს ვცემ და მათ ვერ შევაფასებ.
რაც შეეხება რეგიონში მოსახლეობის აზრს, ცალსახა განწყობა არ იკვეთება. არიან ისეთებიც, ვისაც ურჩევნიათ, რომ დავრჩე არსებულ პოზიციაზე მუნიციპალიტეტში და მათთვის სასარგებლო საქმე იქიდან ვაკეთო.
ჩემს ამომრჩევლებს ვპირდები, რომ ის, რაც მუნიციპალიტეტში კეთდება, მთლიან ოლქში გაკეთდება და მათ ძლიერი ზურგი ანუ ლობისტი ეყოლებათ, როგორც პარლამენტში, ასევე – მთავრობაში, თუ არჩევნებს მოვიგებ.
– თუ გააცანით თქვენი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებთ?
– მოდი, ამ შეკითხვას უპასუხოდ დავტოვებ. რაც შეეხება ჩვენს მეგობრობას, მისი მტერი არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიქნები. ცალმხრივ შეფასებას არ გავაკეთებ. არსებობს საკითხები, რასაც ვეთანხმები და არსებობს ისეთი დეტალებიც, რომლებსაც არ ვეთანხმები. დეტალებზე საარჩევნო კამპანიის დროს, ვისაუბრებ.
– მაშინ, გვითხარით ის, რაც მოგწონთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომელია.
– ძალიან რომ მომწონებოდა, არ წამოვიდოდი, მე არავის გამოვუგდივარ. იყო ეტაპები, როცა ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებდა და შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები მომწონდა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებები თანდათან მცირდება და საჭიროა მესამე ძალა, რომელიც მის და საერთოდ, მთავრობის გადაწყვეტილებებზე დადებით ზეგავლენას მოახდენს.
– მოიაზრებთ თავს მესამე ძალად?
– დიახ, თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დამოუკიდებლად დიდ ძალას შევქმნი, მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში შესაძლებელია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამის გათვალისწინებით თითოეულ მანდატს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკურ პროცესებზე. არის შანსი, რომ მცირე მანდატიანმა პოლიტიკურმა ძალებმა გარდამტეხი როლი შეასრულონ თუ ისინი დამოკიდებულნი იქნებიან თავიანთ ამომრჩევლებზე და არა გარეშე პოლიტიკურ ცენტრებზე. მით უფრო, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა შეხმატკბილებულ დაპირისპირებაში არიან ერთმანეთთან.
– რომელი პოლიტიკური ფრთას შეუქმნით ფრაქციას – ქართულ ოცნებას თუ ოპოზიციურ პარტიებს?
– ქართულ ოცნებას ისედაც ექნება ფრაქცია, იმდენი თავისი სახელისუფლებო რესურსი აქვს, ოცნების სატელიტებსაც ჰყავთ მხარდამჭერები. მეცდებით, ჩვენი მონატესავე პოლიტიკური ძალებისგან შევქმნათ დამოუკიდებელი ფრაქცია, რომელიც არცერთ ძალასთან ასოცირებული არ იქნება. მე იმ ამომრჩევლებს მოვუწოდებ, ვისაც ნამდვილად ცვლილება სურთ, რომ ნურც ქართულ ოცნებას მისაცემენ ხმას და მათ ჯინაზე – ნაციონალურ მოძრაობას.
– რა პრობლემას ხედავთ ქართულ ოცნებაში?
– ქართული ოცნების ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ პარლამენტში იმაზე გაცილებით დიდი წარმომადგენლობა აქვს, ვიდრე – მოსახლეობაში მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, მოსახლეობაში არსებული მხარდაჭერა არ ასახავს პარლამენტში უმრავლესობის მანდატების რაოდენობას პროპორციულად. უმრავლესობის ზღვარზე რომ იყვნენ და არა საკონსტიტუციო უმრავლესობით, ადამაინების პულსზე ექნებოდათ ხელი და ეცოდინებოდათ მოსახლეობის საჭიროებები. უკონტროლო ხელისუფლება ხშირად, სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.
– რას იტყოდით ლელოზე?
– ლელოც ისეთივე მოთამაშეა, როგორც დანარჩენი 59 პარტია, თუ არ ჩავთვლით ორ-სამ გავლენიან პარტიას. ლელოს შედარებით მეტი ფინანსური რესურსი აქვს, ვიდრე – ჩვენ. მეტის თქმისგან თავს შევიკავებ ამ ეტაპზე.
– რამდენად შესაძლებელია ოპოზიციასთან ითანამშრომლოთ და რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერობის კანდიდატს მხარი დაუჭიროთ?
– როგორ დავუჭერდი მხარს მაგალითად მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც სრულიად უმიზეზოდ დამიჭირა. დანარჩენებს რაც შეეხება, მათ პროგრამებს არ ვიცნობ. დანარჩენების დასახელებისგან თავს შევიკავებ, კოალიციური მთავრობის პირობებში, ყველას აქვს შანსი – გახდეს პრემიერმინისტრი.
– რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, საუბრობენ, რომ უმიზეზოდ იჭერდნენ, ძალადობდნენ და ა.შ. ამის გათვალისწინებით, რატომ არის ეს პარტია ამდენად მასშტაბური მხარდამჭერების რაოდენობით?
– რეგიონში სახელისუფლებო ვერტიკალებს რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა მათგანი ნაციონალური მოძრაობის დროს, თანამდებობებზე იყვნენ. აღარ დარჩა ქართული ოცნებიდან საკვანძო თანამდებობებზე პირი. შტაბები, დეპუტატობის კანდიდატები – ყველა მაშინდელი კადრია.
მცხეთა-მთიანეთში ქართული ოცნების პირველი კოორდინატორი მე ვიყავი. ახლა, ფაქტობრივად, ხელისუფლებაშიც ყოფილი ნაცები არიან, ოპოზიციიდანაც კენჭს ისინი იყრიან და რეგიონში პერსონა ნონ გრატა მე აღმოვჩნდი. ალბათ, მსგავსი რამ ხდება სხვა რეგიონებშიც.
ახლაც, ბევრს 41 ნომრიანი მაისურების ქვეშ, 5 ნომრიანი მაისურები აცვიათ. ნაციონალური მოძრაობის უძლეველობის მითი, მითი არ არის. ყველა საკვანძო თანამდებობები უკვე დაკავებული აქვთ. ქართული ოცნების ძველ გვარდიაში ნიჰილიზმი სუფევს. შევეცდები ქართული ოცნებიდან წმაოსული ძველი გვარდიის გაერთიანებას და მათი მხარდაჭერის მიღებას. …“ – ამბობს თამაზ მეჭიაური.










