დღეს ბათუმში საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ მიერ 16-სართულიანი სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა გააპროტესტეს.
როგორც აქციის წევრები აცხადებენ, ისინი ზღვისპირა პარკის ჩაბეტონებას აპროტესტებენ.
მათივე განცხადებით, ბათუმის ბულვარის გულში, ცენტრალურ შადრევნებთან, „ამბასადორმა“ მრავალსართულიანი შენობის ჩადგმა განიზრახა.
აჭარის მთავრობამ, 21 იანვარს, პროექტს თანხმობა მისცა.
„ყველაფერი არის ღია და ცხადი. ნებართვა იყო გაცემული სამ სართულზე მანსარდით, უკვე ოთხი სართულია აშენებული, დარღვეულია კანონი. რეალურად, თუ ეს სახელმწიფო შემდგარია, ეს ადამიანი უნდა ჯარიმდებოდეს და საუბარი უნდა იყოს მეოთხე სართულის მოხსნაზე. მაგრამ ვხედავთ საპირისპიროს. ბათუმის აქტიური მოქალაქეები დიდი ხანია სხვადასხვა დონეზე, მათ შორის თვითმმართველობის დონეზე, აპროტესტებდნენ ამ პროცესს. იცით, რომ ბულვარის რეკრეაციული ზონისთვის დოკუმენტს ქმნიან, ამაში 400 ათასია დახარჯული და ამის პარალელურად მიმდინარეობს ნებართვების გაცემა.
მინდა ხაზი გავუსვა და ყველამ იცოდეს, ნებართვა ჯერ გაცემული არ არის, პროცესი დამთავრებული არ არის და მიმდინარეობს მშენებლობა, რაც იმას ადასტურებს, რომ აქ დიდი ფულის პატრონებს აღარ სჭირდებათ ნებართვა. სახელმწიფოს მართავს კონკრეტული სუბიექტები, რომლებსაც დიდი ფული აქვთ. ქალაქი აპირებს თავისი სივრცის დაცვას ყველა იმ სამართლებრივი ფორმით, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ქალაქმა“,- აცხადებს საზოგადოება „ბათომის“ წევრი ირმა ზოიძე.
ინფორმაციისთვის, შპს „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან – კომპანიის 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











