გუშინ, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 89 წლის ქალი ერთი თვე გულისა და ფილტვის უკმარისობით ახალციხის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. იმის გამო, რომ პაციენტს ინფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ჰქონდა შეხება, ანალიზი აუღეს და კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალი იმ დღესვე თბილისში გადაიყვანეს, დილით კი გარდაიცვალა.
ქალი ახალციხის ქალაქ ვალეში ცხოვრობდა. ოჯახის წევრებს არ სჯერათ, რომ მისი სიკვდილის მიზეზი კორონავირუსია. მათი თქმით, ექიმები პაციენტის გაწერას გეგმავდნენ. ოჯახის წევრები ვერ ასახელებენ, როგორ შეიძლებოდა ქალს ვირუსი შეხვედროდა.
“თუ უნდათ სტატისტიკა აიწიონ, თავისიანზე აიწიონ. ერთ დღეში ადამიანს კორონაც შეახვედრეს, თან დაიღუპა. რაც შეკერეს ხომ ვიცით? ადამიანი იწვა რეანიმაციაში და კორონავირუსი საიდან დაუდგინდა?” – აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატში განმარტავენ, რომ კლინიკაში შეყვანისას ქალს ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ მისი დაინფიცირება სამედიცინო პერსონალისგან მოხდა.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











