ახალქალაქის სოფელ დიდ სამსარში, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაშავდა.
სამველ მანუკიანი მცირე ტრავმებით ახალქალაქის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, დეპუტატობის კანდიდატი სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაეწერა.
თავად მანუკიანი ამბობს, რომ სოფელ პატარა სამსარში მას ენზელ მკონიანის მხარდამჭერთან ინციდენტი მოუვიდა.
სამველ მანუკიანის თქმით, სოფელში დაწყებული შელაპარაკება ახალქალაქში, „ქართული ოცნების” შტაბში გაგრძელდა, ის მომხდარს პროვოკაციად აფასებს.
„სუფრასთან ვისხედით, როცა შემოვიდა ჰაის რსტაკიანი და მითხრა რისი გამკეთებელი ხარ დეპუტატობა, რომ გინდაო. მერე თითი დამადო მხარზე და რომ გაგვაშველეს, მოულოდნელად მომიტრიალდა და დამარტყა სახეში. ვფიქრობ ენზელის მოგზავნილი ხალხია და მის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა. მანამდე ამბობდა, რომ მკოიანს შეუძლია გაზი გამოგვიყვანოს სოფელში და შენ რას გაგვიკეთებო. ესეთი ხალხი დარჩა მხოლოდ ენზელ მკოიანს. დაახლოებით 10 წამს გაგრძელდა ეს შელაპარაკება. ვიცოდით, რომ პროვოკაციები იქნებოდა, მით უმეტეს, რომ სამი თვეა ასე გრძელდება. დანარჩენი უკვე სამართალდამცველების საქმეა,” – განაცხადა სამველ მანუკიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ენზელ მკოიანის თქმით, შემთხვევის ადგილას მისი მხარდამჭერები საერთოდ არ ყოფილან.
“ის ყველაფერს იტყუება, ერთ-ერთი სოფლის რესტორანში იყო. მანუკიანმა იხულიგნა, დათვრა. იქ ჩემი არცერთი აქტივისტი არ ყოფილა. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა მე თვითონ ცოტახნის შემდეგ გავიგე, ჩხუბის შესახებ. რატომ მაბრალებს ამ ყველაფერს არ ვიცი, სავარაუდოდ ჩვენი კონკურენციის ბრალია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ჩემი ხალხი შემთხვევის ადგილას საერთოდ არ ყოფილა. მანუკიანი არაკაცურად იქცევა და ყველაფერს იტყუება,”- განაცხადა ენზელ მკოიანმა.











