საფრანგეთის პარლამენტი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რეზოლუციას განიხილავს. ინფორმაცია ამის შესახებ საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორის, სენატორ ბრუნო რეტაიოს ცნობით, განხილვა 25 ნოემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სენატის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის, ის შეასრულოს.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.











