დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი რუსეთის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც ჩუგოშვილი ამბობს, საქართველოს დღეს საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურება სჭირდება.
„საქართველოს მთავრობას საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურება სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეძლოს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ვერ ვახერხებთ, რომ საკუთარი მოქალაქეები დავიცვათ გატაცებისგან. ახლა სამწუხაროდ, მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მსხვერპლიც გახდა. როგორც სახელმწიფო ვერ ვახერხებთ იმას, რომ ეფექტიანად უზრუნველვყოთ მოქალაქეების დაცვა იმისგან, რაც რუსეთისგან მოდის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავების შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საელჩო მომხდარის არსში გარკვევის გარეშე იცავენ ქართველებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს.











