„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებული გიორგი რურუას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება.
მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე დღეს თავად გიორგი რურუა დაიკითხება.
„ამით დასრულდება მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა. მხარეებს დაგვრჩება წარმოსათქმელი მხოლოდ დასკვნითი სიტყვა. შესაბამისად სასამართლო განაჩენის გამოსატანად გავა. ვინაიდან გიორგი რურუა ციხეში არ იმყოფება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე ეს მხოლოდ ფორმალური ნაწილია. სინამდვილეში, ის ციხეში პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება”, – აცხადებს საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა გიორგი რურუა18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.










