„ევროკავშირის პარლამენტარების დღევანდელი ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობას“,- ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზრაძე აცხადებს.
როგორც ხაზარაძე ამბობს, სასწორზე დევს, არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი, ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი.
„ოპოზიციამ ბნ. დანიელსონის 5 პუნქტიანი შეთანხმებიდან 3 საკითხზე სრული თანხმობა განაცხადა; რაზეც მსგავსი თანხმობა ქართული ოცნებისგან არ მიგვიღია. პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, როგორც უაზრო და უშინაარსო, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ოცნება“ არაა დაინტერესებული, პრეზიდენტ მიშელის მედიატორობით, მიღწეულ იქნას შეთანხმება.
ლელო და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას დარჩენილი ორი საკითხის შესათანხმებლად. რაც შეეხება ეკონომიკას, საგანგაშოა ის გარემოება, რომ მთავრობას არ გააჩნია ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა, ლელო კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისუფლებას, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო. ლელო მზადაა, თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინოს განსახილველად. მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, ახლა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ავარიდოთ მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, ერთობლივი განცხადებით, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ ეთანხმებიან ევროკავშირის შუამავლის კრისტიან დანიელსონის წინადადებას. ამის გამო, ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, ისინი საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ.









