ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის სავალდებულო ვაქცინაციას არ ეთანხმება, ვინაიდან ამ მიდგომას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესი მოჰყვება.
„სახელმწიფო შესაძლებლობები ამ ეტაპისთვისაც არის უცვლელი, რაც გულისხმობს რეგულაციების დაცვის მკაცრ აღსრულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეების აქტივობა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ. მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაცია. ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის მარათონი. ამ ეტაპისთვის შერჩეულია 50 სოფელი, სადაც 3 000-ზე მეტი მოქალაქეა. მარათონი შემდეგ ეტაპზე შედარებით უფრო მომცრო ზომის სოფლებში გაგრძელდება.
მარათონის გარდა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი არის გავააქტიუროთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არიან 60 წელს ზევით, ვინაიდან სწორედ მათში არის ყველაზე მაღალი რისკი ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის, ჰოსპიტალში უკვე რეანიმაციისა და შემდეგ ლეტალობის. სწორედ აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ დროულად გადაწყვეტილება.
დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესი, რაც პირიქით, ბევრად უფრო ხელს შეუშლის ვაქცინაციას, სწორედ აქედან გამომდინარე არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი არის მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.











