რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი აფხაზეთის ე.წ. კეთილი ნების ელჩი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს.
მისივე ცნობით, რუსეთის მხრიდან ე.წ. კეთილი ნების ელჩები ახალგაზრდობის საკითხების ფედერალური სააგენტოს უფროსი ალექსანდრ ბუგაევი, ნაციონალობის სააგენტოს უფროსი იგორ ბარინოვი, მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი, მომღერალი ვალერია და სხვები განდნენ.
აფხაზეთის მხრიდან კი ე.წ. კეთილი ნების ელჩების სიაში სოხუმის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ეშბა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, განათლების დე ფაქტო მინისტრი ინალ გაბლია ჩაეწერნენ.
ელჩები სოხუმში სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას და რამდენიმე კონცერტს ჩაატარებენ.
რაც შეეხება სერგეი გავრილოვს, ის ქართველებისთვის ცნობილი ფიგურაა, რომელიც 2019 წლის ივნისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა. 20 ივნისს ის პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა და სხდომის წაყვანა დაიწყო, რასაც საზოგადოების აღშფოთება და ცნობილი მოვლენები მოყვა.











