„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი გააკრიტიკა ივერი მელაშვილისა და ნატალია ოლიჩოვას დაპატიმრების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო.
კაპანაძის თქმით, თალაკვაძის ვითომ გაბრაზება კიდევ ერთი პროპაგანდის ტალღის აგორებაა.
„მე ვნახე ბატონი თალაკვაძის ვითომ გაბრაზება, სინამდვილეში კი ურცხვად მორიგი პროპაგანდის ტალღის აგორება, რომ თითქოს ჩვენმა მეგობარმა კუბილიუსმა თქვა, რომ დავით გარეჯზე საუბარი არის სირცხვილი. ამ დროს ბატონი კუბილიუსი საუბრობს იმაზე, რომ ორი საჯარო მოხელის დაპატიმრება და მათთვის დაბრალება, რომ ტერიტორიები გადასცეს სხვა ქვეყანას და ყურადღების გადატანა ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან ამ ვითომ გარე საკითხზე, ეს არის სირცხვილი.
მართლა სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მის ირგვლივ არსებული კლოუნების მთელი კასტა ჩაება ამ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში, წირავენ ორ უდანაშაულო ადამიანს და აზიანებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ერთადერთი მიზნით, რომ თვითონ გაიხანგრძლივონ ხელისუფლება.
ეს ყველაფერი აუცილებლად აუფეთქდებათ და ცხვირში მოხვდებათ ამ არჩევნებზე და ყველანი ერთად მათ ჩვენ დავამარცხებთ და ამ ქვეყანაში მართლა დაიწყება ცვლილებები, რომ ასეთი ურცხვი ხელისუფლება აღარასოდეს აღარ ყავდეს საქართველოს,“ – განაცხადა კაპანაძემ.











