„დასტურდება, რომ სრულად ყალბი იყო ის კამპანია, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებდა არჩევნების გაყალბების თაობაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ცესკო-ს თავმჯდომარის მოსმენა იმისათვის, რომ კომისიამ გაიგოს, როგორია მისი შეფასება არჩევნებსა და ასევე იმ ხარვეზებზე, რომელიც არჩევნებს ახლდა
„დღეის მდგომარეობით, ამ კომისიამ 20 უბანი უკვე გადათვალა. სულ გადათვლილია 60 საარჩევნო უბანი, რაც ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების ორი პროცენტია. იცით, რომ წინა დათვლისას განსაკუთრებული ხარვეზი არ ყოფილა, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენდა. აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით, როცა ვსაუბრობდით, რომ იყო ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რაც თან ახლავს ასეთ პროცესებს, სადაც ჩართულია კომისიის 50 ათასი წევრი და ადამიანური ფაქტორები ასეთ ხარვეზებზე მოქმედებს. ვაკვირდებით და დასტურდება, რომ სრულად ყალბი იყო ის კამპანია, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებდა არჩევნების გაყალბების თაობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










