დოკუმენტში, წინა ვერსიასთან შედარებით, შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს, – ასე აფასებს პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს.
ბაქრაძის თქმით, დოკუმენტში ასევე გაწერილია ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. ის ამბობს, რომ ვადამდელის მიბმა ადგილობრივ არჩევნებზე მისთვის მოსაწონი არაა, თუმცა მთლიანობაში დოკუმენტს სერიოზულად განიხილავს.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საკუთარ პოზიციას მოგვიანებით გაასაჯაროებს, დადგენილი ვადების ფარგლებში.
„პირველ რიგში ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და მკაფიო საუბარია ორი ადამიანის გამოშვებაზე, ვადებზე და იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა, რომ ორივე ადამიანი – ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში.
რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მექანიზმს როდის და როგორ შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და ეს არის ბმა ადგილობრივ არჩევნებთან. კარგად გვესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი…ჩემთვის პრობლემური არის რიგგარეშე არჩევნების საკითხი. მგონია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არის კარგი, ისევე როგორც 43%-იანი ზღვარი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს დიდი პოლიტიკური ფასი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.











