შეიძლება საღებავი შეესხა, საწამლავი დაესხა – შალვა პაპუაშვილმა დაიცვა პარლამენტის თავმჯდომარე,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა თინა ბოკუჩავას შესახებ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, შალვა პაპუაშვილს მისი უშუალო დანიშნულებიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე შეიძლება, ეს არ ევალებოდა, მაგრამ მან თავისი განზრახვით, უბრალოდ, დაიცვა პარლამენტის თავმჯდომარე იმ რისკისგან, რომელიც შეიძლება ყოფილიყო და ეს რისკი იყო. შეიძლება საღებავი შეესხა, შეიძლება საწამლავი დაესხა, ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხომ გამოგვივლია. მათ შორის მათმა წარმომადგენელმა ქალებმა პარლამენტში დაასხეს საწამლავი და დაწამლეს იქ ხალხი. რატომ იყო არალოგიკური, რომ რაღაც სასწაული გაეკეთებინა, ვერ ვხვდები.
ეს ხომ არ იყო, მშვიდ დაწყნარებულ გარემოში, რომ ადამიანი მიდის მეორე ადამიანთან. ეს მოცემულობა არ იყო. იქ იყო დაპირისპირება, მათ შორის დაპირისპირება და აი ამ ფონზე შალვა პაპუაშვილს გაუჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ რაღაც სხვა შეურაცხყოფის ფორმები გამოეყენებინა.
ჩვენ ხომ ვიცით ასეთი ფაქტები, მაგალითად, ეკა ბესელიას ფიზიკური შეხება ვანო ზარდიაშვილის მიმართ, მაგალითად საწამლავის დასხმა,“- განაცხადა ნინო წილოსანმა











