ქუთაისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, წინასწარ შევსებულ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სპეციალური განცხადება გააკეთეს.
მათი თქმით, დაუყოვნებლივ მოხდება ამ შემაჯამებელი ოქმის განადგურება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი.
“ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია საშუალებებში ჩვენ გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი”,- განაცხადეს ცესკო-ში.
ცნობისთვის, ქუთაისში, ერთ-ერთ უბანზე, შემაჯამებელი ოქმი წინასწარ შეავსეს, ხელი მოაწერეს და ბეჭედიც დაარტყეს.
შეგახსენებთ, შემაჯამებელი ოქმი დგება მას შემდეგ, როცა უბანზე ხმის მიცემისა და დათლის პროცესი დასრულდება.











