ჩვენ შეიძლება გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეთ პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია “რუსთავი 2-თან” საუბრისას აცხადებს.
იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ “მოქალაქეების” ლიდერებთან ცალკე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა, მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი აუცილებელია, რადგან ერთი რომელიმე პარტიის ძალა ხელისუფლების წინააღმდეგ ეფექტური არ იქნება.
“მიმდინარეობს ოპოზიციაში მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პარტიას რა უნდა მიიღოს ამ მოლაპარაკებიდან. იმიტომ რომ ჩვენ ერთიანები ვართ ოპოზიცია ამ მოლაპარაკებაში, ვიცით, რომ სათითაოდ ჩვენი ძალები ხელისუფლების წინააღმდეგ არ იქნება ეფექტური, ამიტომ ერთმანეთს ველაპარაკებით, რომ მაქსიმალურად მეტი წამოვიღოთ თუ ეს შესაძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან. მარტო ბატონ ალეკო ელისაშვილთან არა, ჩვენ ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვლაპარაკობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენთვის პრინციპული საკითხია უბარიერო პროპორციულ არჩევნები, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, სხვა პარტიებისთვის სხვაა. ჩვენ შეიძლება გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეთ პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.










