როგორც “პრაიმტაიმნიუსისთვის” გახდა ცნობილი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმების მიუხედავად, დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქში, შესაძლოა, საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელოს.
პარტია ამ გადაწვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატებს დროულად არ დაასახელებს. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ნაცმოძრაობა“, როგორც პასუხისმგებლიანი პარტია, ვზივართ და ველოდებით ოპოზიციის მხრიდან ჩვენი შეთავაზების ბოლომდე შესრულებას. ველოდებით, როდის იქნება დაკომპლექტებული თბილისის ექვსი ოლქი.
ორის გარდა, ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობდით, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ორ ოლქში ვერ ხერხდება ერთიანი კანდიდატის დაყენება. კიდევ უფრო სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ თბილისის დანარჩენ ოთხ ოლქთან დაკავშირებით, სრული ოპოზიციური გაერთიანებაც ვერ მოხერხდა, ვინაიდან ამ პროცესში ზოგიერთი პარტია არ მონაწილეობდა.
ჩვენ ორ ოლქში კანდიდატების დაყენებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, რადგან ველოდებით, რა მოხდება. ჩვენი დიდი სურვილია, რომ დიდუბისა და საბურთალოს ოლქში იყვნენ ისეთი კანდიდატები, რომლებსაც ყველა პარტია დაუჭერს მხარს”, – განაცხადა გოცირიძემ.
ინფორმაციისთვის, პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისში 8-დან 6 ოლქი დაუთმო, ხოლო გლდანსა და სამგორში საკუთარი მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატები დააყენა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










