“აგვისტოს ომი სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენს უახლეს ისტორიაში ტრაგიკულ ფურცლად“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას, საკუთარ მიწაზე გავლებულ მავთულხლართებს, ტერიტორიების დაკარგვას.
“რა დროც უნდა გავიდეს, იმ საშინელი დღეების დავიწყება შეუძლებელია – უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ნგრევა, დევნილად ქცეული მოსახლეობა.
შეუძლებელია შეეგუო ოკუპაციას, საკუთარ მიწაზე გავლებულ მავთულხლართებს, ტერიტორიების დაკარგვას.
სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს იმისკენ რაც შესაძლებელია, რისი ვალდებულებაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოსთვის ბრძოლაში შეწირულ გმირთა ხსოვნის წინაშე – მხედველობაში მაქვს დეოკუპაცია, ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანება.
დიდება და ხსოვნა აგვისტოს ომში გარდაცვლილ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ომს შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა.











