„შარლ მიშელის მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდეს პარლამენტისა და სასამართლოს მუშაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მაღლა უნდა იდგეს კონსტიტუციაზე, რომელიც 100 წლისაა“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
ინჯიას თქმით, მათ განცხადებებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და საქართველო რჩება ევროპის აქტიურ პარტნიორად და მოკავშირედ.
„დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არაერთხელ იყო მოწოდება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მემორანდუმს ხელი უნდა მოაწეროს და კონსტრუქციულად იმოქმედოს. გუშინ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენული უფლებების დაცვასა და ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხების გადაჭრაზე. არ შეიძლება, მემორანდუმები ან შეთანხმებები უმთავრეს კანონზე – ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა იდგეს და ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენდეს.
ასევე, ჩემ მიერ იყო გაცხადებული, რომ მიგვაჩნია ზეწოლად ელჩების მიერ ხელმოწერილი წერილი საქართველოს ხელისუფლებისადმი. ეს არის შეურაცხყოფა კონსტიტუციის და ჩემი, როგორც მოქალაქის, რადგან სხვა ქვეყნის ელჩები ეუბნებიან მთავრობის მეთაურს, პარლამენტს ან სასამართლოს, თუ რა უნდა გააკეთონ.
შარლ მიშელის მემორანდუმი არის რეკომენდაცია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს კონსტიტუციაზე მაღლა“,- ამბობს ფრიდონ ინჯია.










