შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე კიდევ ერთხელ განმარტავს ბაკურიანში სასტუმროების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ბაკურიანში არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა.
„ეს იყო ერთ-ერთი გეგმიური მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა ბაკურიანში, ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი, რამდენად იყვნენ ისინი სასტუმროს სტატუსის მატარებელი თუ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი კერძო საცხოვრისები. შრომის ინსპექციის მხრიდან არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა. მხოლოდ სასტუმროების გადამოწმება მოხდა, არ ყოფილა ობიექტის დატოვებასთან მითითება. არცერთი ჯარიმა არ არის დაწერილი. მსგავსი ფაქტი თუ იქნებოდა დაფიქსირებული, ეს ალბათ მალევე გავრცელდებოდა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
ცნობისთვის, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაკურიანში კოტეჯებიდან და სახლებიდან დამსვენებლებს მოსთხოვეს ადგილის დატოვება, ობექტები კი დააჯარიმეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ზამთრის სეზონზე საქართველოში სამთო–სათხილამურო კურორტებზე სასტუმროს საქმიანობა აკრძალულია, არ მუშაობს არც საბაგიროები.











