საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისათვის ხუთმა ოპოზიციურმა ძალამ მიმართა.
ეს პარტიებია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, “ევროპული საქართველო”, „ლეიბორისტული პარტია”, „სტრატეგია აღმაშენებელი” და „ლელო- საქართველოსათვის“.
როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის პირველი პროცედურაა, რომელიც ცესკომ სამ დღეში უნდა დააკმაყოფილოს.
„დღევანდელი დღეც მართლაც შავი ლაქა იქნება საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად, გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი. ჩვენ ბუნებრივია, ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნის შესაბამისად არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას, ამიტომ ვაგრძელებთ ამ იურიდიულ პროცედურას, როგორ დავტოვოთ „ქართული ოცნება“ პარლამენტში.
ჩვენ შემოვიტანეთ დღეს ცესკო-ში საარჩევნო ბლოკის- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით განცხადება, რომლითაც ჩავხსნით პროპორციულ საარჩევნო სიას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.











