“სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში მაღალი იერარქიის სასულიერო პირიც მოხვდა. კერძოდ, დაფიქსირდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა.
„მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის – „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას.
მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში, აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია“,- ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში.











