სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“, რომელიც მდებარეობს ვაჟა-ფშაველას N70 / ქავთარაძის N1 საპასუხო განცხადებას ავრცელებს.
„სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალოს“ სივრცეში, მუდმივად ხორციელდება ტექნიკური კონტროლი სავაჭრო ცენტრის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლების მიერ. ერთ-ერთი ასეთი საათობრივი შემოწმებისას „სითი მოლი საბურთალოს“ არსებულ ნაწილში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ სივრცეში, შეამჩნიეს გაზის სუნი, რის შედეგადაც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დაუყოვნებლივ მოხდა სივრცეში ტექნიკური დანადგარების გათიშვა, პარალელურად კი, დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად ობიექტზე გამოიძახეს შესაბამისი სამსახური.
შეტყობინების საფუძველზე, „თბილისი ენერჯის“ მიერ, უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ობიექტს დროებით შეეზღუდა გაზმომარაგება. „სითი მოლი საბურთალოს“ ადმინისტრაციამ მიმართა სს „გუდვილს“, რომელმაც უკვე განახორციელა შიდა მოკვლევა და უკვე დაიწყო ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„სითი მოლი საბურთალო“ აცხადებს, რომ არ არსებობს მღელვარების საფუძველი.









