კორონავირუსის პანდემიამ 31 ოქტომბერს წლის მთავარი პოლიტიკური მარათონის ჩატარებას, შესაძლოა, ხელი შეუშალოს. „ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, საპარლამენტო არჩევნები არა ოქტომბრის შემდეგ, არამედ უფრო ადრე, მაგალითად, სექტემბერში ჩატარდეს.
როგორც „პრაიმტაიმთან“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ოქტომბერში არ გაიმართა, ის ნოემბერში ვეღარ ჩატარდება, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან მინიმუმ 45, მაქსიმუმ კი 60 დღეში უნდა ჩატარდეს.
„ჯერ მართლა არავინ იცის, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, ამაზე ვართ დამოკიდებული. ჩვენთვის მისაღები არის, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდეს. იმედი გვაქვს, რომ ოქტომბერში ასეთი სიტუაცია არ იქნება.
თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები არჩევნები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან მინიმუმ 45, მაქსიმუმ კი 60 დღეში უნდა ჩატარდეს.
თუ არჩევნები გადადო, ნოემბერში ის ვერანაირად ჩატარდება. რაც შეეხება არჩევნების აქეთ გადმოწევას, ამ შემთხვევაში კონსტიტუციაში ცვლილებებია საჭირო, რადგან კონსტიტუცია განსაზღვრავს, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები.
თუ ამ სიტუაციას გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ არჩევნები ადრე ჩატარდეს, ვიდრე სამომავლოდ. რადგან როგორც გვეუბნებიან ჩვენი ეპიდემიოლოგები, უფრო საშიში არის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრიდან მეორე ტალღის მასშტაბების გავრცელება“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები მმართველ პარტიაში არჩევნების თარიღის გადმოწევასთან დაკავშირებით? მაჭარაშვილი გვპასუხობს, რომ ეს საკითხი გუნდში არ განიხილება.
“გუნდში არაფერი განიხილება. ძალიან ადრე იმაზე იმსჯელო, რა მოხდება ოქტომბერში. თუ საუბარი წავიდა, რომ ჩვენ არჩევნების ჩატარების პერიოდს ვიხანგრძლივებთ, მაშინ შეიძლება, პირიქით დადგეს საკითხი… ჩვენ ამაზე გათვლა არა გვაქვს, მხოლოდ საუბარია იმაზე, რომ მოქალაქე დაცული უნდა იყოს”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე









