„ნაციონალურმა მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეარჩია. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სააკაშვილი ამ თანამდებობისთვის უალტერნატივო კანდიდატია.
ზაალ უდუმაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად, სხვა რომ შეგვერჩია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, უფრო მეტი კითხვა დაისმებოდა. სააკაშვილის გამოცდილებიდან, გაკეთებული საქმეებიდან, კავშირებიდან, ენერგიიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ სააკაშვილის რესურსი საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს, ეს ახლა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.
– ბატონო ზაალ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალი თანამდებობის დაკავება მისი ინტერესის სფერო არ არის. რატომ შეიცვალა პოზიცია?
– მიხეილ სააკაშვილმა პოზიცია შეიცვალა იმიტომ, რომ ჩვენი პარტიის წინადადება იყო, რომ ის გამხდარიყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მან ეს წინადადება გაიზიარა.
– მის კანდიდატურას გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტია დაუჭერს მხარს ?
– გაერთიანებაში შემავალი ყველა პარტია დაუჭერს მხარს. ის გაერთიანების საერთო კანდიდატი იქნება.
– სააკაშვილი საქართველოში რიგ საქმეებთან დაკავშირებით, მსჯავრდებული და ბრალდებულია. სამართლებრივი კუთხით, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა რამდენად რეალურია?
– როცა ის დაბრუნდება საქართველოში, მას უკრაინაში დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევს. რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომლებიც წარდგენილია მიხეილ სააკაშვილის მიმართ და განაჩენებია დამდგარი, ეს ხომ ყველამ იცის, რატომ მოხდა – ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ.
როცა ხელისუფლება შეიცვლება, სასამართლო იქნება სასამართლო და არა ხელისუფლების ნოტარიუსთა ბიურო, დარწმუნებული ვარ, რომ მის მიმართ ეს ბრალდებები მოიხსნება და გაქარწლდება.
– რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს – როდის ბრუნდება ექსპრეზიდენტი, არჩევნებამდე არჩევნების შემდეგ?
– დღეს საღამოს, როცა მისი მიმართვა იქნება, მ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, სიახლე გავიგოთ. არჩევნებამდე თუ არჩევნები შემდეგ ჩამოვა ის, ამას მე ახლა ვერ დავაკონკრეტებ.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











