განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულები იქნებიან ელექტრონული ჟურნალის წარმოება დაიწყონ, ხოლო ამჟამად არსებული ჟურნალების წარმოება კი გაუქმდება.
სამინისტროს ბრძანებაში ნათქვამია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების პერიოდში გათავისუფლებულნი არიან ჟურნალში კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური ასახვის ვალდებულებისაგან, თუმცა ჟურნალი წესების მიხედვით უნდა აწარმოონ.
„ყველა საჯარო სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი – კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი“, – ნათქვამია ბრძანებაში.











