ე.წ. სამართალდამცავებმა სოხუმში დააკავეს 38 წლის ალხას კვიცინია. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი იმ დაჯგუფების წევრია, რომელმაც “ამრა-ბანკზე”შიარაღებული თავდასხმა მოაწყო.
ცნობისთვის, ოთხი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 11 მარტს, თავს დაესხა სოხუმში, „ამრა-ბანკის“ ფილიალს.
იარაღის მუქარით მათ 1021156 რუბლი (46 360 ლარი) მიითვისეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.
დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება თავდასხმის შესახებ „აფხაზეთის დროით“ 12:24 საათზე მიიღეს.
თავდამსხმელებს წინააღმდეგობა დაცვის თანამშრომელმა გაუწია, იყო ორმხრივი სროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელებმა ბანკის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმალვა Ford Galaxy-ის ტიპის ავტომანქანით შეძლეს. მოგვიანებით ტრანსპორტი „სამართალდამცავებმა“ დოხუმის ერთ-ერთ ქუჩაზე დამწვარი იპოვეს.
ფაქტზე „გამოძიება“ გრძელდება.
ავტორი: თეა შონია











