სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავეს.
„მინდა ვთქვა, რომ არიან დაკავებულები, რომლებიც თავს დაესხნენ არარატ მირზოიანს. ცემის ყველა მონაწილე არ არის დაკავებული. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დაკავებები დაწყებულია“, – დაწერა ფაშინიანმა „ფეისბუქზე“.
მას შემდეგ რაც პუტინი-ალიევი-ფაშინიანის ხელმოწერით ხელშეკრულება გაფორმდა მთიან ყარაბაღზე, ერევანში პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები ფაშინიანის განცხადებიდან რამდენიმე წუთში გავიდნენ ქუჩაში და მთავრობის სასახლესთან მივიდნენ.
მომიტინგეები მალევე შეიჭრნენ მთავრობის სასახლეში და დარბაზები დაარბიეს.
დემონსტრანტები ასევე თავს დაესხნენ სომხეთის პარლამენტის სპიკერის, არარატ მირზოიანის ავტომობილს, დაუპირისპირდნენ მისი დაცვის წარმომადგენლებს, მირზოიანი მანქანიდან გადმოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.











