სომხეთის პარლამენტმა საომარი მდგომაროების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი 118-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო.
„გაბრწყინებული სომხეთის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ედმონ მარუკიანმა განაცხადა, რომ ომი დამთავრებულია და საომარი მდგომარეობის რეჟიმი საჭირო აღარაა.
„ახლა რეალობა განსხვავებულია. კერძოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ შეთანხმება არსებობს. საომარი მდგომარეობის არსებობა კი ქვეყანაში ოპოზიციის უფლებებსა და დემოკრატიას ზღუდავს“,- განაცხადა მარუკიანმა.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მიმდინარე წლის 20 ივნისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში საომარი მდგომარეობა 2020 წლის 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის გამო გამოცხადდა.











