სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები.
ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მხარის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, წაღებულია ათამდე ხიდი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, რეგიონში რთული ვითარებაა.
„ენერგო-პრო ჯორჯია-ს“ ინფორმაციით, წყალმა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო.
„ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყრდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება, უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები.
კომპანიის ტექნიკური ბრიგადები მზადყოფნაში არიან, როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.











